ახალგორელები - უვადო ტყვეობაში

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რაზდახანის“ (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტი 5–დან 10 ოქტომბრამდე გაიხსნება, ოღონდ მხოლოდ ცალმხრივად, რათა რაიონის დატოვება ყველა მსურველმა შეძლოს. ამასთან, ხალხს აფრთხილებენ, რომ დაბრუნებას ისინი მხოლოდ ე.წ. "წნელისის კრიზისის" დასრულების შემდეგ შეძლებენ, ანუ თუ ქართული მხარე ოსურის მოთხოვნას შეასრულებს და წნელისთან ახალადგახსნილ საპოლიციო საგუშაგოს გააუქმებს. ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელ ვიტალი მამიტოვის განცხადებით კი, ახალგორიდან ადამიანებს მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიებით გაუშვებენ, ზუსტად ისევე, როგორც გასული წლის კარანტინის დროს ხდებოდა.

ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, რაიონიდან უპირველესად სტუდენტები, ავადმყოფები, ზაფხულის გასატარებლად აგარაკებზე ჩასულები და ის მარტოხელა ადამიანები გავლენ, რომლებიც ქართული პენსიის წყალობით ცხოვრობენ, ან რომელთაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები ინახავენ.

რაც შეეხება წეროვანელ პედაგოგებსა და ექიმებს, რომლებიც ახალგორში სამუშაოდ ჩადიან, თამარის აზრით, მათი უდიდესი ნაწილი დარჩება, თუმცა იმ ნაწილს, რომელიც ახალგორში არარსებულ მედიკამენტებს მოიხმარს, აუცილებლად მოუწევს გასვლა, თუკი დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მათ ნათესავებს მათთვის ამ მედიკამენტების მიწოდების საშუალებას არ მისცემენ. 

„გამსვლელთა“ კატეგორიას მიაკუთვნებს თამარი იმ პირებსაც, რომელთაც ჯერ კიდევ ზაფხულში უცხოეთში საგზურები დაჯავშნეს, ნაწილმა – სამკურნალოდ, ნაწილმა – სამუშაოდ.

როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობა დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების თავისულფებაზეა დამოკიდებული, ძნელი სათქმელია.

მეარაყიშვილის გათვლით, ახალგორში ჩაწერილი წეროვანელებისა და სხვების გამოკლებით, რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში 1200–1300 ადამიანი ცხოვრობს, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია  დე ფაქტო საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ, რაიონი 400–მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა მათ ნახევარს საზაფხულოდ სტუმრად ჩასულები წარმოადგენდნენ. ხოლო მათ შორის, ვინც რაიონიდან ახლა გავა, უმრავლესობა ახალგორში მუდმივად ცხოვრობს. ანუ, ე.წ. "სასაზღვრო კრიზისის" გამო რაიონს ჯამში 500–მდე პირი დატოვებს. მათ მიემატებიან ისინიც, ვინც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩა და ვერ ბრუნდება. ჯამში, თამარის გათვლით, რაიონის მოსახლეობას 40% მოაკლდება.

თუმცა ეს – იმ შემთხვევაში, თუ მსურველები დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ: საქმე იმაშია, რომ დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვები „სამხრეთ ოსეთის“ ყველა  „მოქალაქეს“ როდი აქვს მიღებული, არადა, ახალი წესის თანახმად, საშვების გარეშე, მხოლოდ პასპორტებით დე ფაქტო საზღვარს ვეღარავინ კვეთს.

ადგილობრივების და მათი თბილისელი ნათესავების მეორე მნიშვნელოვანი სადარდებელი იმაში მდგომარეობს, როდის გაიხსნება ე.წ სასაზღვრო გადასავსლელები: ცხინვალის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, წნელისთან განთავსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებამდე იგი დე ფაქტო საზღვრის გახსნას არ აპირებს, ისევე, როგორც თბილისი – ულტიმატუმის შესრულებას. 

"ამ ვითარებაში ახალგორელები თავს ტყვეებად და უსუსურებად გრძნობენ, საკუთარ მომავალზე რაიმე გავლენა იქონიონ. მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ რაიონული მასშტაბის მოღვაწეები არ უმალავენ მოსახლეობას, რომ საზღვარი, სულ მცირე, ახალ წლამდე არ გაიხსნება. გარდა ამისა, წლის ბოლოს საშვებს ვადა ეწურებათ, ეს კი ნიშნავს, რომ თუკი წლის ბოლომდე გადაადგილების თავისულფლება არ აღდგება, რაიონიდან გასულები უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ, ხელისუფლებამ ყველა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს, ან დროულად აფრთხილებდეს მოსახლეობას შესაძლო შედეგების შესახებ, ან კრიზისის ამოწურვისთანავე დაბრუნების შესაძლებლობას დაჰპირდეს, განურჩევლად იმისა, ამოეწურებათ საშვებს ვადა თუ არა“ - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ