"როგორც ჩანს, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც"

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსი ჩინოვნიკების განცხადებებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე მოსკოვშიც ფიქრობენ. 

აბაშიძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას იხსენებს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსულ მედიასთან, რომ მიესალმებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენას.

„ასეთი კომენტარი მან 27 სექტემბერსაც გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ასეთ მიდგომას. ანალოგიური კომენტარები გააკეთეს ჩვენი მთავრობის წევრებმაც. საქართველო დაინტერესებული ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ურთულესი პრობლემების მოგვარებით, დიალოგის გზით. უნდა მოხდეს ამ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის დეესკალაცია. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ინტერესების სრული პატივისცემით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავებას, ტურიზმის გაფართოებას. ასეთია ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომას ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რაც ცალსახად გამოჩნდა ბოლოხანს.

ჩვენ ახლა ვერ გავუსწრებთ მოვლენებს. ვხედავთ, რომ იქ ამაზე ფიქრობენ, როგორც ჩანს, მუშაობენ კიდევაც. ასეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან, ახლა პესკოვისგან. ასე რომ, დაველოდებით შემდგომ ნაბიჯს. ის, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ, უკვე მოგახსენეთ. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებოდით​.

მიჭირს ამის კომენტირება, თუ რას გულისხმობენ საჭირო მომენტად – თუ დაიწყება ეს პროცესი, ალბათ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს სპეციალისტები, ექსპერტები ტრანსპორტის დარგში და განიხილონ ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი, იმისათვის რათა შემდგომ პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგას. ჩვენ ამას დაველოდებით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე შესაძლოა, ჟენევაშიც ისაუბრონ.

„არ არის გამორიცხული, მომავალ კვირას ჟენევაშიც შეეხონ რაღაც ფორმით ამ საკითხს. იქ რუსეთის დელეგაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გაიცნობენ ერთმანეთს ჩვენი დელეგაციისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათ იქ კომუნიკაცია ექნებათ და არ არის გამორიცხული, ამაზეც იყოს საუბარი.

ჩვენ ასევე ველოდებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ გააგრძელებს მუშაობას ე.წ. პრაღის ფორმატში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ამ დიალოგის გასაგრძელებლად და ახლა ველოდებით ინფორმაციას იმის თაობაზე, პერსონალურად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვინ იქნება პრაღაში წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა