აუდიტის სამსახური - ელექტროსისტემის მიერ კონსულტანტებისთვის გადახდილი თანხები დაუსაბუთებელია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას სავარაუდო დარღვევებზე მიუთითებს.

ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გადახდილი თანხების ნაწილი დაუსაბუთებელია.


საუბარია 2009 წელს კონსულტანტებთან – ჰაკან შიმშეკთან და იუსუფ გიუნაითან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის საგანს წარმოადგენდა თურქეთში დაფუძნებული ელექტროსისტემის შვილობილი კომპანიისათვის ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება. მიზანი კი საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტი და თურქეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის განხორციელება იყო. 2014 წელს ხელშეკრულების საგანი არსებითად შეიცვალა, თუმცა თანხების ანაზღაურება მაინც მოხდა. ამასთან, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს, ჰაკან შიმშეკთან კიდევ ერთი, 300 000 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაფორმდა.

კონტრაქტორისთვის ავანსად გადახდილმა თანხამ 120 ათასი დოლარი შეადგინა. თუმცა, კონსულტანტმა ოთხი დავალებიდან მხოლოდ ერთი შეასრულა და მას 45 ათასი დოლარის დაბრუნება დაევალა.

„ჰაკან შიმშეკის მიერ ნაწილობრივ შესრულებულ მომსახურებასთან მიმართებით გადახდილი თანხის ადეკვატურობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება ელექტროსისტემას არ გააჩნია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აზერბაიჯანში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა