ადვოკატის ცნობით, მკვლელობისთვის ორი პოლიციელი დააკავეს

რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს, მათგან ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ ადვოკატმა, პირველი არხის ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეთაშვილს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

„ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან. სცენა არის შემდეგი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა.

მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს 30-მდე ჭრილობა აღენიშნება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა