საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკვე საკანონმდებლო ორგანოში გაემგზავრება. გერმანიის პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უმასპინძლებს. დღესვე დაგეგმილია გერმანიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელიც საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად სტუმრობს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიიღებს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ–მა რუსულ კომპანიებს სანქციები გაუფათოვა