დონალდ ტრამპი: "ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება"

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს დიდი ძალა დაუპირისპირდება, თუ ის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ რამის განხორციელებას ეცდება. ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიაში გამგზავრებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ტრამპი ამბობს, ირანი აშშ-ს მიმართ ძალიან მტრულად არის განწყობილი.

„ჩვენ არ გვაქვს რამე ნიშანი, რომ რამე მოხდა, ან მოხდება, თუმცა თუ ეს მოხდება, ამას დიდი ძალა დახვდება. ჩვენ არჩევანი არ გვექნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, მას სურს ირანთან მოლაპარაკებები, როდესაც ეს უკანასკნელი მზად იქნება.

„თუ ისინი დარეკავენ, ჩვენ აუცილებლად გავმართავთ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული. მე მინდა, რომ მათ დარეკონ, როდესაც მზად იქნებიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა. ამასთან თეირანს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი გემების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ. თავად ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp