ომბუდსმენი დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მეთვალყურეობას გაუწევს თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამოძიებას და მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას.

„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, „მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.

თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს მისი თანამშრომელი თამთა თოდაძე ადანაშაულებს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში. ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"