„ნუ გაავლებთ პარალელებს „შტაინმაიერის ფორმულასა“ და გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტს შორის“

საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის განცხადებით, „შტაინმაიერის ფორმულასა“ და გერმანიის პრეზიდენტ  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტს შორის „პარალელები არავინ უნდა გაავლოს“.

„ფრან-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ის იყო ჩართული მინსკში, ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებების პროცესში. ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა და გთხოვთ, ნუ გაავლებთ რაიმე პარალელებს „შტაინმაიერის ფორმულასა“ და გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტს შორის. გთხოვთ გესმოდეთ, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება. „შტაინმაიერის ფორმულა“ სრული ვითარების მხოლოდ ერთი ნაწილია.  ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ასეთი საკითხების მომზადება მოითხოვს ძალიან მშვიდ, ფრთხილ და არასაჯარო მუშაობას, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი ცნობილი არ იქნება, ვიდრე ნორმანდიული ოთხეულის სამიტი არ შედგება“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება. 

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა