შტაინმაიერი: "ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვარ კონკრეტული წინადადებით"

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, იგი საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ კონკრეტული წინადადებით ამჯერად არ ჩამოსულა.

"ამჯერად მე სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება შტაინმაიერის ფორმულას, სამი  წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალ დონეზე უკრაინის რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, რადგან გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან. ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვარ კონკრეტული ინიციატივით თუ წინადადებით", — განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება. 

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა