დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ TBC ბანკის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება – "ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე იმედოვნებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება.

ამის შესახებ ზვიად ჭუმბურიძემ „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„თიბისი დაახლოებით 12 წელია რაც „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ბანკთან, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება" – განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, რომლის მშენებლობასაც „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

“ყველა ის პროექტი, რომელიც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უკავშრდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პორტებს, ჩვენ უკვე გვაქვს ფოთის პორტი, მაგრამ ანაკლია იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, ის იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი ქართველი მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოში ბიზნესის განვითარებაში” – განაცხადა ჭუმბურიძემ.

ცნობისთვის: პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp