რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთითან მიმართებაში მისი გამონათქვამები უნდა უარყოს და ბოდიშიც მოიხადოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„სიგნალი ერთი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში - საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ეს სიტყვები უნდა უარყოს, ბოდიში მოიხადოს და თავისი პოზიცია ახსნას“, - განაცხადა ვოლოდინმა. 

კითხვაზე, იღებს თუ არა რუსეთი რაიმე სიგნალებს, რომ საქართველოს ხელისუფლება განმარტებისთვის მზად არის, დუმის სპიკერმა უპასუხა: „როგორ შეიძლება ურთიერთობის განვითარება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?!“.

ვოლოდინმა ერთ-ერთ მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული „ანტირუსული დღის წესრიგი“ მოიყვანა და თქვა, რომ როგორც წესი, ინიციატორები არიან „აშშ-ის სატელიტები: ბალტიისპირეთი, პოლონეთი, უკრაინა და საქართველო.“

„ისინი რომ სრულფასოვან განვითარებაზე ფიქრობდნენ, ასეთ ნაბიჯებზე არასდროს წავიდოდნენ. რა საჭიროა კონფლიქტში შესვლა, როცა შესაძლებელია ურთიერთობების განვითარება ურთიერთპატივისცემის, სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაურევლობის და კეთილმეზობლობის პრინციპებით“, - განაცხადა დუმის სპიკერმა.

ვოლოდინის თქმით, შეუძლებელია, რომ უკრაინა განვითარდეს აგრესიული პოზიციით ისეთ მეზობელთან როგორიც რუსეთია, რადგან მასთან აერთიანებს არა მხოლოდ უზარმაზარი საზღვარი და სავაჭრო ურთიერთობები, არამედ კულტურული და ისტორიული კავშირები. დუმის სპიკერის განცხადებით, ასეთი ქვეყნები რუსეთთან კონფლიქტით შეიქმნიან უდიდეს პრობლემებს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

ვოლოდინის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეინიშნებოდა, მაგრამ „ვიღაცას დასჭირდა თბილისთან კონფლიქტის მოწყობა“, როცა რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩავიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის.

დუმის სპიკერის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მომხდარი დაეგმო, სიტუაციაში ჩარეულიყო და ეთქვა, რომ ასე არ შეიძლება, მან რუსეთი აგრესორად გამოაცხადა.

„ახლა კი დუმს. ქართული საზოგადოება ამბობს - არა, ჩვენ ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით აზრი უნდა გამოთქვას. გამწვავება ხომ შეძლეს, რუსი ხალხის და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, ამისთვის ჭკუა ეყოთ“, - უთხრა „როსია 24“-ს ვოლოდინმა.

საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა.

20 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მიუხედავად აშშ-ის წინააღმდეგობისა, თურქეთი მოსკოვისგან მეტი S-400-ების ყიდვას გეგმავს