"ტურიზმის სექტორში სფეროს წარმომადგენლებთან საუბრის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, ეს იქნება წესი"

ტურიზმის სექტორში სფეროს წარმომადგენლებთან საუბრის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, ეს იქნება წესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ტურიზმის სექტორში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა იყო. თუმცა ამ სფეროში გამოწვევებიც ძალიან ბევრია.

„ამიტომ დავიწყეთ ტურისტული სექტორით, რამეთუ ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. მოგეხსენებათ, 2018 წელი ჩვენ დავამთავრეთ დაახლოებით 7 მილიონზე მეტი ვიზიტორით ქვეყანაში და დაახლებით 3.2-3.3 მლრდ დოლარის შემოსავლებით ჩვენი ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევებიც ძალიან ბევრია. გამოწვევები ბევრია, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ აქ. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმოქმედებთ უახლოესი პერიოდი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის ამ საკითხში თავისი ფუნქციაც:

„ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის აქ რა არის მთავრობის ფუნქცია. მთავრობის ფუნქცია არის, თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და რა თქმა უნდა, დარგში ყველაზე კარგი, საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში მოახდინა ტურისტული მიმართულებით დაახლოებით 115 მლნ ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენი ამოცანა არის ახლა, ამ მიმართულებაზე ჩამოვყალიბდეთ, როგორ, რანაირად და ეფექტიანად, სწრაფად როგორ ვხარჯავთ ამ ფულს". 

ამასთან, როგორც მან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს განუცხადა, ბიზნესი ბიუროკრატიული თუ არაბიუროკრატიული პრობლემების გადაჭრას ძალიან მოკლე დროში შეძლებს:

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება, გქონდეთ გარკვეული პრობლემები – ბიუროკრატიული, არაბიუროკრატიული, სუბიქტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამის გადაჭრას დასჭირდება დღეები, იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული“. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. 

"ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავლი, მეტი ცნობადობა ქვეყნის. ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლები ეფექტი, ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა, ამიტომ მადლობა მობრძანებისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის კარები, ტელეფონები და ყველაფერი არის წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად სადაც შესაძლებელია ამ მიზანს მივაღწიოთ. ამაზე მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე, ამისთვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხების გაცემას შევძლებთ“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა