"ტაქსებზე თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დარეგულირდეს"

ტაქსებზე თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დარეგულირდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთლიანობაში მოგცემს შესაძლებლობას, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული ტრანსპორტის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე სწრაფი, ყველზე კომფორტული ქალაქში გადაადგილება თავისი შესაბამისი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებით და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ტაქსით მგზავრობის საფასური გაიზარდა და გამოწვეულია თუ არა ეს ტაქსების რეფორმით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან გაიმართა და პრობლემა აღმოფხვრილია.

„თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დარეგულირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მთავარი ამოცანა კომფორტული სერვისი, სისუფთავე და ავტომობილის უსაფრთხოებაა, ამ ყოველივემ კი შესაძლოა, ტაქსით გადაადგილების საფასურის ზრდა გამოიწვიოს. კალაძის შეფასებით, ეს ნორმალურიც იქნება:

"ჩვენი ამოცანაა ავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება, რომელიც არის უმძიმეს, კატასტროფულ მდგომარეობაში და ყველანაირი რესურსი ამოწურულია. ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენი ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტიზე, პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანა არის, რომ ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მისთვის ეს იყოს კომფორტული, სუფთა, ახალი, უსაფრთხო ავტომანქანა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმეს ეს პრობლემა ექნება, იქნება ავტობუსები, იქნება მეტრო, რეაბილიტირებული ახალი ვაგონებით. ეს რთული პროცესი ჩვენ დაწყებული გვაქვს. კეთდება ისეთი საქმე,რომელიც რაც მეტრო გაიხსნა არ გაკეთებულა, ძალოვანი კაბელების ცვლილება, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული და პრობლემა არ იყოს მეტროთი მგზავრობა“. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა