"საერთაშორისო გამჭვირვალობა" – თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება  მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების  თარიღთან დაკავშირებითაც - დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი  1999 წელი აქვს მითითებული:

"აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე. არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ  გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა.

ვინ არის და სად მუშაობდა შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია. 2011-2012 წლებში ის  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა. 2018 წლის ივლისში შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა და მას პარლამენტმა 101 ხმით მხარი დაუჭირა. დღეისათვის თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში  და ღიად აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

საზოგადოებისათვის დამალული დიპლომი

შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვები მისი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენისას წარმოიშვა. თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნული უნივერსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები „ორი მილიარდერის“ (ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის) ოჯახს ემსახურებოდა.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანიზაციიდან  შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი გამოითხოვა. სამწუხაროდ, არც მთავრობის ადმინისტრაციამ, არც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და არც იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამ უკანასკნელმა საერთოდ არ გვიპასუხა, რის გამოც უკვე ერთი წელია სასამართლოს გზით ვცდილობთ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლის მიღებას. შალვა თადუმაძის დიპლომი არც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის დამტკიცებას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი „ადვოკატთა ასოციაციაშიც“ აღარ არის დაცული, რადგან მათი განმარტებით, ძველი დოკუმენტები პერიოდულად ექვემდებარება განადგურებას.

საბოლოოდ, თადუმაძის დიპლომის ასლის მოპოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოვახერხეთ.

სად სწავლობდა შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძე „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ სწავლობდა, რომელიც 1999 წელს დაამთავრა და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი, სადაც ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება მიენიჭა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში უფრო დეტალურად არის მითითებული, რომ დამთავრებული აქვს  „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, სწავლების პერიოდი კი 1994-1998 წლებს მოიცავს. თადუმაძემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც დაადასტურა , რომ ის სასწავლებელში 1994 წლიდან სწავლობდა.

რის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით

შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, გამოვითხოვეთ შესაბამისი დაწესებულებიდან დიპლომის ასლი და პარალელურად, შევამოწმეთ უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი მასალა. ოფიციალურ მიმართვებზე უწყებებისგან შემდეგი პასუხები მივიღეთ:

მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში საპარლამენტო მდივანი, ბოლოს კი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო,  ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდა;

გენერალურმა პროკურატურამ არ მოგვაწოდა მთავარ პროკურორად ახლადარჩეული შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი, რაც დასაბუთებული იყო იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა მისი ხელმძღვანელის  გამწესების პროცესში არ მონაწილეობს;

საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც 101 ხმით თადუმაძე გენერალურ პროკურორად აირჩია,  დიპლომი იმ  მოტივით არ მოგვაწოდა, რომ „რეგლამენტი არ ითვალისწინებდა შესაბამისობის დადგენის პროცედურებს“ და შესაბამისად, პარლამენტში დიპლომი არ იყო წარმოდგენილი.

იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გვიპასუხა წერილზე, რის გამოც სასამართლოში დავა დავიწყეთ.

ადვოკატთა ასოციაციამ მოგვწერა, რომ მათთან დაცულია ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების (2006 წელი) დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუმცა შალვა თადუმაძის დიპლომი არ ფიქსირდება, ვინაიდან ძველი დოკუმენტაცია დროდადრო ექვემდებარება განადგურებას.

იმავდროულად, შევისწავლეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უმაღლესი სასწავლებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ასევე, არქივში დაცული დოკუმენტაცია.

განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან  მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე  დგინდება:

შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით: დიპლომში, რომელიც ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მიერ არის გაცემული, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1993 წელს ჩაირიცხა სასწავლებელში. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, აღნიშნული სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა, განთავსებული იყო თბილისის 62-ე სკოლის შენობაში და იმავე, 1994 წელს მიიღო ლიცენზია. სწავლების დაწყების თარიღად თადუმაძეს 1994 წელი აქვს მითითებული იუსტიციის საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში და საჯაროდაც იგივეს ადასტურებს. ანალოგიური ინფორმაციაა განთავსებული საპროკურორო საბჭოს გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო.

შეუსაბამობა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების თარიღთან დაკავშირებით: შალვა თადუმაძის იმავე დიპლომში, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ტექსტში მითითებულია, რომ მან 1998 წელს დაასრულა სასწავლებელი. თუმცა, საპროკურორო საბჭოს და გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე სწავლის დასრულების თარიღად 1999 წელია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძე, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის პარალელურად, 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლობდა, სპეციალობა სამთო ინჟინერი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს გვერდზე არის მითითებული.

იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ გამწესება და შემდგომ თავმჯდომარედ არჩევა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ  ლეგიტიმურ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  დიპლომის ნამდვილობა არსებული მდგომარეობით ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა