გახარია: "როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომურს დაზარალებულად სცნობენ"

როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომურს დაზარალებულად სცნობენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს", – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა:

"არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 21 სექტემბრამდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა