20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობიდან გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ჯიქური ციხეში შიმშილობდა. ოჯახის ინფორმაციით, მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

ცნობისთვის: 20 ივნისის საქმეზე დაახლოებით 20 პირი იყო დაკავებული. 

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 21 სექტემბრამდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-მ თურქეთს სანქციები მოუხსნა