საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტს იწყებს

9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბაქოს ეწვევა. აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება მთავრობის მეთაურის სტატუსით.

ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელშიც ილია მეორე გიორგი გახარიას თხოვს ჩარევას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ სადავო საკითხში:

„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია. ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება”.

უახლოეს ხანში თბილისში უნდა ჩატარდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების სხდომა, რომელსაც წინ უძღოდა ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე.

სახელმწიფო კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა. კომისიების მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

6 ოქტომბერს, აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ახალი ნაწილი განთავსდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp