გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს.

უწყების ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

  • 2 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში – 1.2-ჯერ.
  • 3 ოქტომბერს რუსთავსა და ბათუმში - 1.2-ჯერ.
  • 4 ოქტომბერს რუსთავში – 2-ჯერ, ხოლო ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 
  • 5 ოქტომბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ,,ილიას ბაღში“ – 1.1-ჯერ. რუსთავში – 2.4-ჯერ, ბათუმში- 1.2-ჯერ. 
  • 6 ოქტომბერს ისევ ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, რუსთავში – 2-ჯერ, ბათუმში- 1.2-ჯერ.
  • 7 ოქტომბერს მხოლოდ რუსთავში – 1.1-ჯერ. 
  • 8 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: მუხიანი, I მ/რ, №184 საბავშვო ბაგა-ბაღსთან; მუხიანის I მ/რ ნონეშვილის გამზირი, №174 სკოლასთან; მუხიანის დასახლება II მ/რ დუმბაძე-ნონეშვილის ქუჩების გადაკვეთზე, შპს თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა აკადემიასთან; მუხიანის დასახელების IV ბ მკ/რ, კერძო სკოლა-ლიცეუმ პრომეთესთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა