"ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და გვსურს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას"

ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და გვსურს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს და წინამორბედს, გრიგორი კარასინს ცვლის.

როგორც რუდენკო აცხადებს, უნდა, შეხედოს სიტუაციას და ახალი ხედვით განსაზღვროს, რა ხდება და სად არის კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა.

„ყოველთვის, როდესაც ჟენევაში ჩამოვდივართ, ახალი დინამიკის და იმის იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოვახერხებთ რაიმე საკითხის დაძვრას. ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და გვსურს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას. ყოველ შემთხვევაში, დეესკალაციას მაინც მივაღწევთ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ სასაზღვრო რაიონში. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებს, როგორ ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულად ერთადერთ სივრცეს, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ ამ რეგიონებში. ჩემი პირველი მონაწილეობის ფარგლებში, უბრალოდ, მინდა, შევხედო სიტუაციას და ახალი ხედვით განვსაზღვრო, რა ხდება და სად არის კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა. რუსეთის შიდა პოლიტიკის სიძლიერე მის თანმიმდევრულობაში მდგომარეობს ამიტომ, ჩვენი ძირითადი პოზიციები უცვლელი რჩება. რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, რუდენკომ.

ამასთან, ანდრეი რუდენკომ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

„ჯერ-ჯერობით, მიჭირს იმის განსაზღვრა, მინისტრების შეხვედრა რა გავლენას მოახდენს პროცესზე, უნდა დაველოდოთ. შეხვედრა ნიუ იორკში შედგა და ის ეხებოდა იმ არანორმალური პროცესიდან გამოსვლის ძიებას, რომელშიც ჩვენი ორი ქვეყანა იმყოფება. საუბარი კონკრეტული იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ ქართული მხარისგან, რომ სიგნალი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გამოიგზავნა, გაგონილი იქნება. ჩვენ სიტუაციის ნორმალიზების იმედი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც, რომ მდგომარეობა ივლისის ინციდენტამდე არსებულს დაუბრუნდება“, – განაცხადა რუდენკომ.

ცნობისთვის: 8–9 სექტემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"