თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დარეგისტრირდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავა საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა.

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ , რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლანის ოჯახს, საზოგადოებას არ აქვთ კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა შესაძლოა, ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ.

„მე დღეს ამ ხელისუფლებაში არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, იმედს დავიტოვებ ის 18-20 ადამიანი მოიძებნება მმართველ გუნდში, რომ კიდევ 20 ხმა დაგვემატოს და შეიქმნას საბოლოოდ საგამოძიებო კომისია. ამის გარდა ჩვენ 100 000 ხელმოწერას ვაგროვებთ, რომ თუ მაინც ჩააგდეს, ვაიძულოთ ამით მაინც. მმართველი გუნდიდან წინა შემთხვევაში ვინც დაგვიჭირა მხარი, მათ იმედზე ვარ.

მოდით, ეს ფრაზა - თუ არ შეიქმნას ამოვიღოთ, ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეიქმნას“, - განუცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ადგილზე ინციდენტი მოხდა