ანტიკვარული ავეჯი პრეზიდენტის სასახლისთვის - ადმინისტრაცია განმარტებებს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი და ორბელიანის სასახლისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული.

„ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას.

ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ავეჯი შეძენილია საქართველოში:

„საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ. ბატონი ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტის მიერ ამ ნივთების საქართველოსთვის გადაცემას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ასეთი მასშტაბის შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს კულტურული მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მეორადი ანტიკვარული ავეჯი საქართველოში ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე ქარხნული ნაწარმის შეძენა უცხოეთში და გაწეულია დაახლოებით 81 000 ლარის ეკონომია. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შესყიდვაზე სახელმწიფო უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა