IDFI – თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე ხის ირგვლივ ზღუდის მოპირკეთებაზე 155 360 ლარი დახარჯა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, თბილისის მერიამ პირველი რესპუბლიკის მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის გარშემო ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოსაპირკეთებლად 155 360 ლარი დახარჯა. 

თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან იყო გამოყოფილი. კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი და საგანგებო ღონისძიებებისათვის.

IDFI-მ გამოიკვლია 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებული კაპიტალური პროექტები, რომლებზეც საბიუჯეტო თანხების გამოყოფის აუცილებლობა ბუნდოვანია:

"საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ განასაჯაროვა". 

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

IDFI-ს ცნობით, 2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 2 747 100 ლარი დახარჯა. აქედან 461 920 ლარი გამოიყო კაპიტალური ხარჯებისთვის.

"ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერ ათვისების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა", – აცხადებენ  ორგანიზაციაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ