"ხვალიდან მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს ივანიშვილის პირადი იურისტის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა იწყება. საქმე ფულის გათეთრების ბრალდებას ეხება, რომელსაც თავად ბრალდებულები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ბრალდება კი 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას მოიცავს. 

"ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! 

ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის  პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი! 

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.  

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!",- წერს სოციალურ ქსელში ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, სასამართლომ კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
30 დღეში 30 ფილმის უყურებისთვის 1 000–დოლარიანი ჯილდო დაწესდა