რაზე შეთანხმდნენ გახარია და ალიევი

11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით –გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტის და პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, საუბარი შეეხო გარეჯის საკითხს.  

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით–გარეჯის კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.

სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საკითხი ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. 

„მოგეხსენებათ, ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ გვმართებს უაღრესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხდომებს, გამონათქვამებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: გახარია პრემიერის რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით აზერბაიჯანში 10 ოქტომბერს იმყოფებოდა. შემდეგ ვიზიტს ის სომხეთსა და თურქეთში გეგმავს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა