ოფიციალური მოსკოვი ჟენევის დისკუსიების 49–ე რაუნდის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49–ე რაუნდის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„აქცენტი“ ამ განცხადების სრული ტექსტის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

„8–9 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი 49–ე რაუნდი აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთისა და აშშ–ის მონაწილეობითა და ევროკავშირის, ეუთო–ს და გაერო–ს თანათავმჯდომარეობით. რუსულ დელეგაცია ს მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ხელმძღვანელობდა. 

ყურადღების ცენტრში მოექცა ვითარების დაძაბვა ქართულ–ოსურ საზღვრისპირა რაიონში, დასახლებულ პუნქტ წნელისთან, რაც პროვოცირებული იყო თბილისის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს წნელისის უშუალო სიახლოვეს ქართული საპოლიციო საგუშაგო განეთავსებინა. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, საკუთარი ბლოკ–საგუშაგოს აღმართვისა და საქართველოსთან საზღვრის დროებითი ჩაკეტვის ჩათვლით. ჩვენ სიტუაციის დარეგულირების კუთხით საკუთარი ხედვა წარმოვადგინეთ. მოვუწოდეთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ზომები დეესკალაციისათვის მოლაპარაკებათა არსებული მექანიზმების ფარგლებში პირდაპირი დიალოგის გამოყენებით. ამ პოზიციამ დისკუსიების მონაწილეთა შორის მხარდაჭერა ჰპოვა.

რუსული, ასევე აფხაზური და ოსური მხრიდან ყურადღება გამახვილდა ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების ტექსტის შეთანხმების მიზნით ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობდა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.  

ჩვენის მხრივ ყურადღება გავამახვილეთ ნატო–ში საქართველოს შეთრევის განგრძობად მცდელობებზე ამ ამიერკავკასიური ქვეყნის შემდგომ მილიტარიზაციაზე, მის ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულ ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ეს პროცესები რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძირის გამომთხრელად შევაფასეთ.

დასახლებულ პუნქტ წნელისისა და რიგი სხვა პრობლემური მონაკვეთების გამოკლებით, საქართველოსთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებზე არსებული ვითარება ქართულის გარდა ყველა სხვა მხარემ მთლიანობაში სტაბილურად სცნო. აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოსთან საზღვარზე არსებული იმ შეზღუდვების გაუქმების თაობაზე, რომლებიც ადრე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე იქნა შემოღებული.

49–ე რაუნდის ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობას, საზღვრის კვეთის რეჟიმის გამარტივების, ადამიანებს შორის კონტაქტების გაიოლების, უგზო–უკვალოდ დაკარგულთა ძიების ჩათვლით.

მიღწეული შეთანხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი რაუნდი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართოს“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა