გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს  ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა. წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გააქტიურებული მუშაობა სახეზეა. ყოველდღიურად იზრდება უწყების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაბამისად, მისი გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება; მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება; განხორციელდა უწყების რებრენდინგი; დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის მაღალი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს დადებითი შედეგების მიღწევას. მჯერა, რომ  აღნიშნული სამმართველო და ზოგადად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რომელიც ახალი კანონმდებლობის შესრულების კუთხით არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძოდ კი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

„რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით მოქმედი ეფექტიანი სამსახურის არსებობა. იმისთვის რომ აღნიშნულ სფეროში დადებითი შედეგები გვქონდეს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა