მოსამართლემ ბრალდებული დეპუტატი სასამართლოს დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია სასამართლოს დარბაზიდან გააძევა. 

"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს", - ასე მიმართა სხდომაზე მოსამართლეს მელიამ. თავდაპირველად მან მოსამართლისგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევეს. 

მანამდე მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაევალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა, ემსჯელათ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე. ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი, ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები კანდიდატების გასაუბრების პროცესს უნდა დაესწრონ, ამიტომ სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის განცხადებით, ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და თუ საჭირო გახდება სასამართლო პროცესს ჩანიშნავს ისეთ დროს, როცა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები სხდომაზე დასწრებას შეძლებენ.

ცნობისთვის: მელიას ბრალი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა