პროკურატურის თანამშრომელი ადასტურებს, რომ კადრი, რომელსაც „ტროლები“ სამოქალაქო სექტორისა და „ოცნების“ ოპონენტების „გასაშავებლად“ იყენებენ, მან გადაიღო

პროკურატურის პრეს–სამსახურის თანამშრომელი ნინო კოტარია  ადასტურებს, რომ კადრი, რომელსაც „ტროლები“ სამოქალაქო სექტორისა და „ოცნების“ ოპონენტების „გასაშავებლად“ იყენებენ, მან გადაიღო. კერძოდ, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას და არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელ ედუარდ მარიკაშვილის კადრი მან გადაიღო. 

მისივე თქმით, ფოტო დახურულ ჯგუფში გაავრცელა, თუმცა როგორ მოხვდა ეს ფოტო „ტროლებთან“, ვერ ამბობს.

„კადრი  „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში ჩავაგდე, რომელშიც ალბათ, 100 კაცამდეა დაახლოებით“, – აცხადებს კოტარია. 

ვინ არის იმ "დახურულ ჯგუფში", რომელშიც, ნინო კოტარიას თქმით, პარლამენტში GDI-ის წევრისთვის გადაღებულ ვიდეოებს ტვირთავდა, არ აკონკრეტებს. პროკურატურის თანამშრომელი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჯგუფი მეგობრებისაა და "დახურული იმიტომ ჰქვია, რომ დახურულია".

"ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის" ფეისბუქ–გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) წევრის ედუარდ მარიკაშვილის ფოტო დაიდო, სადაც ჩანს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამარტლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, ორგანიზაციის წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა ესაუბრება. 

"ეს ფოტო არის იმის ნათელი მაგალითი რომ ჩვენს ქვეყანაში ენჯეო სექტორი არ არსებობს და რეალურად "ნაცების" რუპორები არიან" - წერს ფეისბუქ–გვერდი. 

ამ ფაქტს ფოტოზე გამოსახული ედუარდ მარიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ დროს მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა, ვისაც ამ ფოტოს გადაღება შეეძლო და ის კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძესთან ერთად მივიდა. მისივე თქმით, იგივე ახალგაზრდა ქალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატ მამუკა ვასაძეს, ახლდა. 

"ეს მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ პროკურატურაში უნდა მუშაობდეს. ანუ, რა გამოდის, როგორ მოხვდა ფოტო შავი პიარის გვერდზე",- წერს მარიკაშვილი. 


GDI-ს ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი გვერდების უკან ხელისუფლება იდგეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ცუკერბერგმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც აშშ–ის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ