NDI - ხვალ რომ არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, უმრავლესობას გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა, ვის მისცემთ ხმას, 60% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში 10%-ით ნაკლები, 50% ამბობდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. 

გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა 35%-ია, ხოლო დანარჩენმა 5%-მა არ იცის. 

ასევე, კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?", 65% ამბობს, რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 35% კი - არ მიიღებდა. 

მათი რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ყველაზე დაბალი 2018 წლის მარტი - ივნისი - დეკემბერში იყო. 

იმ 65%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა, 53% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 44% გადაწყვეტილი, ხოლო დანარჩენმა ან არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

ხოლო, იმ 35%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ არჩევნები რომ ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა, გადაუწყვეტელი 74%-ია, გადაწყვეტილი 17%. 7%-მა არ იცის, დანარჩენი პასუხზე უარს ამბობს. 

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp