პროფესია მეტყევე – გეგმები და გამოწვევები

მეტყევის დღესთან დაკავშირებით მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია - „პროფესია მეტყევე” გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მათი უწყების ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა, მეტყევის პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სატყეო საქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მეტყევის დღის აღნიშვნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ მეტყევის პროფესიის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებულია ახალი გამოწვევებისა და სატყეო რეფორმების პირობებში“ - აღნიშნა მინისტრმა.

კონფერენციას სატყეო საქმის პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვთი მენეჯმენტი და პოლიტიკა“, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ორ პანელად იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი სატყეო პოლიტიკის წარმოების საკითხებს, არსებული სიტუაციის მიმოხილვას და გამოწვევებს დაეთმო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტყის ახალი კოდექსზე, 2013 წელს მიღებული სატყეო კონცეფციას, განხორციელებულ ქმედებებსა თუ პროგრესს, მეტყევის პროფესიის განვითარებისათვის სექტორში არსებულ გეგმებს. აღნიშნულ პანელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე უძღვებოდნენ.

მეორე ნაწილი არსებულ სატყეო პოლიტიკას და გამოწვევებს, ინვენტარიზაციის პროცესს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და სატყეო საქმის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას დაეთმო. მეორე ნაწილს უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

კონფერენციას აგრარული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სატყეო საქმის დოქტორანტი დიანა ბერაია მოდერატორობდა.

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

კონფერენცია „პროფესია - მეტყევე” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ციხელაშვილის ინფორმაციით,ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გათავისუფლდეს