გენპროკურორის დიპლომს განათლების სამინისტრო შეისწავლის

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისა და გენპროკურორ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მიზნით, განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრს მიმართა,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პასუხს მიმდინარე კვირას ელოდებიან.

„თუ ვინმე სვამს მწვავე კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს თითოეულ კანდიდატთან, პირველ რიგში ეს არის უმრავლესობა პარლამენტში. ჩვენთვის ეს არის ნორმალური, დემოკრატიული სტანდარტი. შალვა თადუმაძეს ჩვენი მხრიდან ძალიან მწვავე კითხვები დაუსვეს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, შალვა თადუმაძეს, ისევე როგორც დანარჩენ კანდიდატებს, იურიდიული განათლება აქვთ მიღებული.

„შალვა თადუმაძე არის გამოცდილი იურისტი, ადვოკატი. მას რომ არ ჰქონდეს იურიდიული განათლება, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას ეს საქმიანობა განეხორციელებინა. მე მესმის, რომ დიპლომთან დაკავშირებით არის კითხვები. პარლამენტი არსებობს იმისთვის, რომ ეს კითხვები დავსვათ და მივიღოთ ამომწურავი პასუხი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რა პრინციპით დაუჭერს მხარს პარლამენტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს? - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში მხარდაჭერილი იქნებიან ისინი, ვინც საკმარის ნდობას მოიპოვებენ. ასევე იხელმძღვანელებენ იმ ფაქტითაც, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ძალიან მცირე რაოდენობაა.

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა. ასევე, მანდატი ეწურებათ იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც დღეს არიან უზენაეს სასამართლოში. არის ათასობით ღია საქმე, რომელზეც მოქალაქეები გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება მინიმალური რაოდენობით მაინც დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო