ლუკაშენკომ დსთ-ის ლიდერებს “უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის გვერდში ამოდგომა” სთხოვა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოუწოდა დსთ-ის ქვეყნების ლიდეებს, “უკრაინის ახალ ხელისუფლებას მხარში ამოუდგნენ”.

ლუკაშენკო სიტყვით გამოვიდა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე სამიტზე, რომელსაც სხვებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრება.

“უკვე გაჩნდა ამ [ზელენსკის] ხელისუფლებისთვის თავის მოგრეხის, ჩამოგდების ტენდენცია. მაგრამ უნდა გვესმოდეს, ვინ მოვა ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების სათავეში” -  განაცხადა ლუკაშენკომ, თუმცა ვინ – არ დაუკონკრეტებია.

მედია არც ამ სიტყვებზე პუტინის რეაქციის შესახებ იუწყება.

ცნობისთვის: ბოლო დღეებში უკრაინის რიგ ქალაქებში გაიმართა ქუჩის აქციები, რომლის მონაწილეები დონბასის თემასთან დაკავშირებით რუსეთის წინაშე პრეზიდენტ ზელენსკის შესაძლო დათმობებს აპროტესტებდნენ. თავად ზელენსკიმ ჟურნალისტებთან 14-საათიანი მარათონის მსვლელობისას განაცხადა, რომ გადატრიალების პერსპექტივის არ ეშინია, თუმცა თუ იგრძნობს, რომ მისი პოლიტიკა საზოგადოებაში მხარდაჭერას აღარ ჰპოვებს, მზად იქნება, თავად წავიდეს თანამდებობიდან.

რამდენიმე დღის წინ ზელენსკი და ლუკაშენკო ერთმანეთს ჟიტომირში შეხვდნენ. ამ შეხვედრის კომენტირებისას ზელენსკიმ გაახმოვანა ლუკაშენკოს დაპირება, არ განათავსოს ქვეყანაში რუსული სამხედრო კონტინგენტი, ლუკაშენკომ კი დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს “რუსეთთან კონფლიქტი” უწოდა და კიდევ ერთხელ გამოვიდა შუამავლის როლის შესრულების  წინადადებით.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს