შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ გორში, უფლისციხის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო  ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის  რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს.

მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც  ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.

„აგროსაინვესტიციო ფორუმი, რეგიონებში დარგის პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება. შიდა ქართლი უმდიდრესია სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით, განსაკუთრებით მეხილეობით. ჩვენი მიზანია, ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, გავაცნოთ შიდა ქართლის მოსახლეობას, პოტენციურ ინვესტორებს და  მათგანაც მოვისმინოთ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. რეგიონებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას კვლავ გავაგრძელებთ,  რათა, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შიდა ქართლის  რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აგროფორუმი შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მოქმედ ფერმერებს სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება. 

2013 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის  რეგიონში, სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე სახეზეა.

შეიქმნა 26 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 104 საწარმო;

1 973 ჰა ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები;

შეიქმნა 76 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა  30 400 ჰა შეადგინა.

რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე  სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ფორუმის მონაწილეებს სახელმწიფო აგროპროექტების, რეგიონის ტურისტული პოტენციალის, HORECA მიმართულების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ  პრეზენტაციები წარუდგინეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აწარმოე საქართველოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები და  ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.

აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას  სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების  განვითარების შესაძლებლობების  გაცნობის კუთხით.

ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ხატია წილოსანი და იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები. 

მიმდინარე წელს, პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი სამეგრელო - ზემო სავანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. 

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს