"ტრასას ვათავისუფლებთ, მაგრამ დაუმორჩილებლობის სხვა აქციები გაგრძელდება"

აფხაზური ოპოზიციის ნაწილმა სოფელ ბზიბთან ცენტრალური ტრასის ბლოკირება შეწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ აცნობა. 

მისივე განმარტებით, დღეს ცენტრალური ტრასის გადაკეტვას მხოლოდ გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა, მიღებულია ამ აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება, თუმცა "მასობრივი და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის სხვა აქციები გაგრძელდება". 

მანამდე აფხაზურმა შსს–მ გამაფრთხილებელი მიმართვა გაავრცელა, რომლის თანახმად, "საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისას კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული, სამინისტრო შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკას აწარმოებს კანონის უპატივცემულობის წინააღმდეგ და მზად არის მართლწესრიგის დასაცავად".

ცნობისთვის: გუშინ დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამით  ოჩამჩირეს რაიონის სოფელ ტამიშთან გამავალი ავტომაგისტრალი და გაგრის რაიონში მდინარე ბზიფზე არსებული ხიდი გადაკეტეს. "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები" მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისისთვის დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადავადებაზე.

ხსენებული მოთხოვნის საფუძველს ოპოზიციური ბლოკის მიერ დასახელებული ერთიანი კანდიდატის - ასლან ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობა წარმოადგენდა, რომლის მიზეზად ოჯახსა და ოპოზიციის ნაწილს მოწამლვა მიაჩნია. 

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, იმას, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, მოწამლეს, გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურებს, რომელმაც მის სისხლში ვერცხლისწყლისა და ალუმინის მომატებული რაოდენობა აღმოაჩინა. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამ საქმის დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

თავად ბჟანია ამ დრომდე მოსკოვის კლინიკაში რჩება, სადაც მას "მწვავე ბაქტერიული პნევმონიის" დიაგნოზი დაუსვეს, ისევე, როგორც ბჟანიას დაცვის ორ წევრს.

შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დე ფაქტო გენპროკურორმა ზურაბ აჩბამაც. მან აღნიშნა, რომ უკვე ფორმირებულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 20 მაისიდან რუსეთის ტერიტორიაზე რუს კოლეგებთან ერთობლივ მუშაობას შეუდგება ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური სურათის დასადგენად.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 6 დეკემბერს