განათლების სამინისტრო პირში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას პასუხობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ “ განათლების სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ” ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 

„უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს სახელწოდება არასწორად (სავარაუდოდ, მიზანმიმართულად) არის მითითებული. 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდგომ მას ეწოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (და არა მითითებული სახელწოდება „განათლების სამინისტრო“). შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, რომლებიც ამ უწყებებში ცალ-ცალკე არსებობდნენ, გაერთიანდნენ.

გაერთიანების შედეგად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩამოყალიბდა ერთი - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. გარდა იქამდე არსებული საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამმართველოებისა, აღნიშნულ დეპარტამენტს დაემატა პროტოკოლის სამმართველო, ცხელი ხაზი და ახალი - კოორდინაციის სამმართველო, ვინაიდან სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა, არაერთი მიმართულების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი) გარდა, ფუნქციონირებს რამდენიმე ათასი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

გაერთიანებისა და დამატებული სამმართველოების მიუხედავად, დეპარტამენტში დღეს არსებული თანამშრომლების რაოდენობა არის არა 49 (როგორც ანგარიშშია მითითებული), არამედ 41, რაც იქამდე ცალ-ცალკე არსებულ სამმართველოებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაზე ნაკლებია“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარით გაიზარდა, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს - 51 თანამშრომელი, შემდეგ არის განათლების სამინისტრო - 49 თანამშრომელი, თბილისის მერია - 43 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 41 თანამშრომელი, პარლამენტი - 36 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტრო - 21 თანამშრომელი, შსს-ს აკადემია - 20 თანამშრომელი, ცესკო - 16 თანამშრომელი, რუსთავის მერია - 16 თანამშრომელი.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს - 1 185 962 ლარი, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი 1 114 251 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 053 271 ლარი. თბილისის მერიას კი ამ მიმართულებით 931 281 ლარი აქვს გამოყოფილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო