აფხაზეთი, ჩრდილოეთ კორეელები და სანქციები

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Washington Post” აფხაზეთსა და ამ ოკუპიირებულ რეგიონში ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის მასობრივ ჩასვლას სტატიას უძღვნის.

მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში ამჟამად დაახლოებით 400 ჩრდილოეთკორეელი მუშაა დასაქმებული, რომელთა უმეტესობა სოხუმში ოჯახებთან ერთად ცხოვრობს.  

„მათთვის ეს ხელსაყრელი ადგილია, აქ ყოფნა უყვართ. თოვლი არ არის. გვეუბნებიან, რომ ჩვენთან საუკეთესო კლიმატია“, – აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ედუარდ გამისონია.


როგორც „The Washington Post” წერს, ჩრდილოეთ კორეელები დასაქმებულები არიან ბინებისა და აფთიაქების მშენებლობებზე, ასევე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე სამუშაოებზე.   

„სეპარატისტული აფხაზეთი მათთვის ხელსაყრელი ადგილია გაერო–ს სანქციების გათვალისწინებითაც კი, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს გარეთ დასაქმებული ყველა მოქალაქე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.  სეპარატისტული რეგიონი, რომელიც გაერო–ს ოჯახისგან ძალიან შორსაა, მოსკოვს ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის განსათავსებლად საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთისთვის ეს სტრატეგიულად ხელსაყრელი ვითარებაა.  კრემლი იმედოვნებს, რომ ამ ქმედებით კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობას მოიპოვებს, რაც საბოლოოდ მას აზიაზე გავლენის გაძლიერებისთვის სჭირდება“, – წერს „The Washington Post”.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაერო–ს ხსენებულ რეზოლუციას რუსეთიც აწერს ხელს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს. რაც შეეხება აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის დაქირავების საკითხს, მიზანშეწონილია, ამ საკითხზე შესაბამის სახელმწიფოს ან მათ დამსაქმებლებს მიმართოთ“, – განუცხადა გამოცემას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ამჟამად რუსეთში დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთ კორეელია დასაქმებული და კრემლის განცხადებით, მათ ქვეყნიდან 22 დეკემბრამდე გააძევებენ.

როგორც აფხაზი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, მათ მუშახელის შეთავაზებით თავად ფხენიანმა მიმართა:

„ეს შემოთავაზება მათი მხრიდან წამოვიდა.  ეს არის ის, რისი ექსპორტირებაც მათ შეუძლიათ“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამილა მერცხულავამ, რომელიც თავად ჩრდილოეთ კორეას გასულ წელს სტუმრობდა.

„ფხენიანში მისი სტუმრობიდან რამდენიმე თვეში აფხაზეთს ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირების ჯგუფი ეწვია. მათ დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინო, კივი და მანდარინი. და რომელი იყო მათთვის საყვარელი ადგილი?  – იოსებ სტალინის საზაფხულო რეზიდენცია“, – დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა