არანაირი განმარტება - რას ჰყვება სომეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

სომეხი ჟურნალისტი იური მანველიანი საგანგაშოდ თვლის იმას, რომ მას, სხვა ორ კოლეგასთან ერთად, საქართველომ უარი უთხრა საზღვრის გადმოკვეთაზე.

  • რატომ მოდიოდა Epress.am-ის გუნდი საქართველოში?
  • რა მოხდა საზღვარზე?
  • რა საფუძვლით გააბრუნეს სომეხი ჟურნალისტები?

იური მანველიანი "რადიო თავისუფლებას" ესაუბრა:

“სომხეთის საზღვრების უდიდესი ნაწილი ჩაკეტილია, ნაწილობრივ ამიტომაც მე ძალიან მაღელვებს საზღვრების თემა”.

იური მანველიანს და მის კოლეგებს - ოპერატორებს ტიგრან ხაჩატრიანსა და ტიგრან აკოფიანს - დაგეგმილი ჰქონდათ ინტერვიუების სერიების ჩაწერა ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სომხური Epress.am და ქართული Newcaucasus.com ერთობლივად იკვლევს სამცხე-ჯავახეთში პრორუსულ განწყობებს. მანველიანი თბილისში დაახლოებით თვენახევრის წინაც იყო და იგივე გამშვები პუნქტი იოლად გაიარა. 11 ოქტომბერს კი იგი შეაყოვნეს.

“არსებობენ ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციები, რომლებიც პროპაგანდაში მონაწილეობენ, თუმცა ჩვენ ამ თამაშებს არ ვთამაშობთ. მშვიდად ვიყავი, ვიფიქრე - ნახავენ ჩვენს საიტს და მიხვდებიან, რომ ყველაფერი რიგზეა” - ამბობს მანველიანი.

ჟურნალისტებს საქართველოს გამშვებ პუნქტზე ტექნიკის - მათ შორის, კომპიუტერის - შემოტანაზე უარი უთხრეს. ჟურნალიტებს საზღვარზე მოსთხოვეს აკრედიტაცია, რომელიც მანამდე არასდროს დასჭირვებია. მესაზღვრეებმა არ დააზუსტეს, მათი წარმოდგენით ვის და სად უნდა გაეცა აკრედიტაცია უცხოელი ჟურნალისტებისთვის.


“არანაირი განმარტება, არც წერილობითი, არც ოფიციალური არ მიგვიღია. პირად საუბარში, როცა ერთ-ერთ მესაზღვრეს ვუთხარი, რომ თვენახევრის წინ ვიყავით თბილისში, ‘სიტუაცია შეიცვალაო’ გვიპასუხა”.

იური მანველიანი ჰყვება, რომ სასაზღვრო კონტროლის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებს ურჩია, ტექნიკა სომხურ მხარეზე დატეოვებინათ და საქართველოში შესვლა ისე ეცადათ.

“ასეც მოვიქეცით, მაგრამ როცა დავბრუნდით ქართულ პუნქტზე, უფრო აგრესიული, მაღალი ტონით გვითხრეს: ‘ვერ გაიგეთ, რომ არ გიშვებთ?’ თითქოს მოვბეზრდით.”

იური მანველიანი იხსენებს, რომ მესაზღვრეებს თავის ქართველ კოლეგებთან გასაუბრებაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

“არ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ კარგი ჟურნალისტები ვართ და ჩვენი შემოშვება შეიძლება, ცუდი ჟურნალისტების კი - არა. ნებისმიერი ჟურნალისტი უნდა შედიოდეს ქვეყანაში, ან ცხადად განემარტოს არ შეშვების მიზეზი.”

“რაც დაგეგმილი გვქონდა ვერ გავაკეთეთ,” - ამბობს მანველიანის ქართველი კოლეგა ნინო გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან და აზუსტებს, რომ საზღვარზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, აგვისტოში დაწყებული კვლევის დასრულებაში ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომეხი ჟურნალისტების არშეშვებაზე გადაწყვეტილება სხვადასხვა უწყებამ - შსს-მ, სუს-მა - ერთობლივად მიიღო. უწყებაში ჟურნალისტებისთვის უარის თქმის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ და მიუთითებენ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის ი ქვეპუნქტზე. ამ კანონით, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები”.

შესაძლოა თუ საქართველოში არშემოშვების მიზეზი იყოს სომეხი ჟურნალისტების კავშირი მთიან ყარაბაღთან? რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე იური მანველიანი პასუხობს:

“არა. იგივე საზღვარი იმავე ტექნიკით აგვისტოში გადავკვეთეთ. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვყოფილვართ აფხაზეთსა და ცხინვალშიც.”

რა შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა? “როგორც წესი, ეს საიდუმლო ინფორმაციაა ხოლმე”, - განმარტავს იურისტი ნონა ქურდოვანიძე და ამატებს: “ეს არის უარის თქმის ძალიან ბუნდოვანი საფუძველი, ხშირად ადამიანი სასამართლოშიც ვერ იგებს რა საფუძვლით ეთქვა უარი საზღვრის გადმოკვეთაზე”.

თბილისი სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის შეხვედრის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია. იური მანველიანს საქართველოში ჩამოსვლის, სულ მცირე, კიდევ ერთი მიზეზი აქვს.

“უკვე დავასრულეთ აზერბაიჯანული თანამედროვე პოეზიის თარგმნა სომხურ ენაზე. წიგნი რომ გამოქვეყნდება, ბაქოში მე ვერ წავალ, ამიტომ თბილისში ვაპირებ შევხვდე რამდენიმე ავტორს და გადავცე წიგნი”, - ამბობს ის.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა