“ხალხი როგორც ოსურ, ისე ქართულ ხელისუფლებაზეა განრისხებული“

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ „რაზდახანის“ (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტი რამდენიმე დღით (10–დან 15 ოქტომბრამდე) გაიხსნებოდა, რათა მსურველებს ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან გასვლის შესაძლებლობა მისცემოდათ, ეს არ მოხდა. ე.წ. გამშვები პუნქტი 4 სექტემბერს დაიხურა და უკვე თვეზე მეტია, ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება აქვთ შეზღუდული. როგორც ცხინვალში აცხადებენ, ეს რეჟიმი მანამ გაგრძელდება, სანამ ქართული მხარე სოფელ წნელისთან გახსნილ ახალ საგუშაგოს არ გააუქმებს. 

„რაიონის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი, რომელმაც იმ მომენტში ქვეშევრდომებს გამშვები პუნქტის გახსნა დაუანონსა, ახლა თითს პრეზიდენტ ბიბილოვისკენ იშვერს – ამბობს, რომ ამ უკანასკნელის პირადი განკარგულების გარეშე საზღვარი არ გაიხსენება, პრეზიდენტს კი მსგავსი განკარგულება ჯერ არ გაუცია. ხალხი სამკურნალოდ ვერ გადის, ონკოავადმყოფები ქიმიოთერაპიაზე ვერ ხვდებიან; ზოგიერთები ვერ გადიან გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად, რომლისთვისაც რიგი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიკავეს. სასწავლებლად ვერ გადიან სტუდენტები, რომელთა გაცდენაც უკვე თითქმის ერთ თვეს შეადგენს. მათ შორისაა ერთი პირველკურსელი, რომელსაც ზაფხულში თბილისის ერთ–ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სურდა, თუმცა „რაზდახანის“ გადასაკვეთად საშვი არ მისცეს და ამის გამო მისაღებ გამოცდებზე ვერ მოხვდა. როცა თბილისში ამის შესახებ შეიტყვეს, ამ გოგონას და კიდევ რამდენიმე აბიტურიენტს აფხაზეთიდან, რომლებიც საზღვარზე ასევე არ გადმოუშვებს, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ნებისმიერ ფაკულტეტზე გამოცდების გარეშე მიღება შესთავაზეს. ახლა ეს გოგონა ლექციებზე ვეღარ ხვდება“, – ყვება ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ამასთანავე, მისივე თქმით, სამსახურიდან დაითხოვეს ჯანდაცვის სფეროს ყველა მუშაკი, რომელიც დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ წეროვანში ჩარჩა:

„მათ განუცხადეს, რომ საზღვარს მხოლოდ ერთი დღით კეტავდნენ, ისინიც დასვენების დღეებზე მშვიდად გაემგზავრნენ წეროვანში, მაგრამ საზღვრის ჩაკეტვის გამო უკან ვეღარ დაბრუნდნენ. ახლა მათ სამსახურის გაცდენის გამო ათავისუფლებენ, რეალურად კი ეს ხალხი უბრალოდ მოატყუეს. შედეგად რაიონი, მათ შორის, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საუკეთესო სპეციალისტის გარეშე დარჩა, რომლის დიაგნოზები თბილისის საუკეთესო კლინიკებში მუდმივად დასტურდებოდა. ჩვენს რაიონში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურება იყო, რომელიც ახლა აღარ არსებობს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ საზღვრის დაკეტვამდე მილიციელებმა რაიონიდან გააძევეს ერთადერთი გინეკოლოგი. სადღეისოდ რაიონში რამდენიმე კარგი ექიმი კიდევ რჩება, თუმცა უახლოეს ხანებში, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა შემცირდება: საზღვრის კვეთის წესის შეცვლის შემდეგ უკვე ერთი წელია, ამ სპეციალისტებს საშვის მისაღებად დოკუმენტები აქვთ წარდგენილი, თუმცა საშვს ამ დრომდე არ აძლევენ. ახლა ისინი ელიან, გზა ერთი მიმართულებით მაინც გაიხსნას, რათა გავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ. ამბობენ,  ამ წლების განმავლობაში პირველად გადაწყვიტეს წასვლა, რადგან ხელისუფლების მხრიდან მსგავს მოპყრობას ვეღარ აიტანენ“.

მიმდინარე წლის ივლისში მამიტოვმა რაიონში საკადრო პოლიტიკის გადახედვის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც მეარაყიშვილი ამბობს, ახლა უკვე შესაძლებელია პირველი შედეგების შეჯამება:

„რაიონის ახალი ხელმძღვანელი გვპირდებოდა, რომ რამდენიმე პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს სამსახურიდან დაითხოვდა და ყველას თითო პოზიციაზე დატოვებდა, რათა რაც შეიძლება, მეტი უმუშევარი ადგილობრივის დასაქმების შესაძლებლობა შექმნილიყო. თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა – სამსახურებიდან დაითხოვეს ყველაზე დაუცველები, რომელთაც ცხინვალიდან ზურგს არავინ უმაგრებდა, ხოლო ვისაც დედაქალაქში გავლენიანი ნათესავები ან მეგობრები ჰყავდა, არათუ დაითხოვეს, არამედ თითო პოზიცია კიდევ დაუმატეს“.

როგორც მეარაყიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი ერთიან სურათს ქმნის, რომელიც ახალგორელებს ხვალინდელი დღის იმედს უკარგავთ და მათ უმრავლესობას აფიქრებინებს, რომ ცხინვალის ხელისუფლება ამ ყველაფრით რაიონიდან მათ განდევნას ცდილობს:

„ადგილობრივები თვალს ადევნებენ ტელევიზიას, ინტერნეტს, სურთ, რაიმე ნიშანი მაინც დაინახონ იმისა, რომ მათი ბედი ვინმეს აღელვებს, თუმცა ვერ პოულობენ. ხალხი როგორც ოსურ, ისე ქართულ ხელისუფლებაზეა განრისხებული. ადგილობრივებს აინტერესებთ, რატომ არაფერს ამბობს ტელევიზია იმაზე, რაც აქ ხდება, რატომ დუმს ხელისუფლება მათ შესახებ? ჩვენ ყველამ მიგვატოვა, არავის ვჭირდებით არც ცხინვალში, არც თბილისში... ამასთან, ადგილობრივებს სწამთ, რომ ცხინვალი მათზე იმის გამო არ რეაგირებს, რომ თბილისი დუმს“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს