სუს–ი: „ოკუპანტები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ "ბორდერიზაციის" პროცესს აგრძელებენ“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესში გამოიხატება.

„უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ „ოკუპანტები ყობისკენაც დაიძრნენ და დიდი ალბათობით, დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

„გენადი ბოსიკოვი ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად. ასევე გამოჩნდნენ ყობის მიმდებარედ პოლიციელები. სასწრაფოდ ჩაერთეთ ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავროები, უბრალო მოქალაქეები ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად! მარტო ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას" გვბლოკავს ხელისუფლება, ერთად ვერ შეგვაჩერებენ! სასწრაფოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხი, კონტაქტი და მშვიდობიანად დავდგეთ ჩვენი მიწების დასაცავად!“, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში და შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს:


ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს. 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ადასტურებს, რომ ჩორჩანა-წნელისის რაიონში ქართული საპოლიციო საგუშაგო და აღნიშნულის საპასუხოდ ოსური მხარის მიერ მოწყობილი "რამდენიმე  ახალი პოზიცია“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო