კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზღვრული ტარიფი მნიშვნელოვნად შეამცირა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2019 წლის პირველი ივლისიდან ზღვრული ტარიფი 1 მბ/წმ-ზე 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა.

შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და საკითხის კვლევა დაიწყო. 

როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამაც დაადასტურა.

კომისიის ინფორმაციით,  მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა ვალდებულება აიღეს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. 

კომისიის თქმით, თუ რომელიმე კომპანია პირობას არ დაიცავს, მის წინააღმდეგ კანონით მინიჭებული ყველა ბერკეტი ამოქმედდება.

კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა, ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე წვდომა 50 თეთრად ჰქონდეთ ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს