კარლ ჰარცელი: "ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტნიორებს შორის, ვფიქრობ, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ამ პროექტის განსახორციელებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა. გუშინვე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. 

დღეს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას აძლევს "2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად".


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა