ახვლედიანი: "მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელია"

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"  მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია და ზოგადად, კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ჯერ–ჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. თვითონ არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ,  დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა. 

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს