ერდორანმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის პირობები დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის პირობებს ასახელებს.

„თუ  სირიის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებული ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და დატოვებენ ტერიტორიას, სადაც ჩვენ  „უსაფრთხოების ზონის“ გაკეთებას ვგეგმავთ, თურქეთი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტს. მანამდე კი ვერავითარი ძალა ვერ გვაიძულებს, უკან დავიხიოთ“, – განაცხადა ერდორანმა. 

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.  

14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესa.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კუდ-ის თანამშრომლები დააკავეს