კიევი დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების გაუქმებას და საზღვარზე კონტროლის აღდგენას მოითხოვს

მინსკის ხელშეკრულებების პოლიტიკური პუნქტების აღსრულების დაწყებამდე უკრაინა სხვა საკითხებთან ერთად, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების გაუქმებასა და დონბასში უკრაინა–რუსეთის საზღვარზე კონტროლის აღდგენას მოითხოვს. უკრაინული მხარის მოთხოვნები მინსკის მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენლის ლეონიდ კუჩმას პრეს–მდივანმა დალია ოლიფერმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.    

მოთხოვნებს შორის სახელდება ასევე ცეცხლის სრული შეწყვეტა ეუთო–ს მისიის მუშაობის უზრუნველყოფა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე რუსეთთან საზღვრის ჩათვლით, უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ჯარებისა და ტექნიკის სრული გაყვანა, დონბასში ძალთა დაშორიშორება, კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინული საარჩევნო კომისიის, პარტიებისა და მედიის მუშაობის უზრუნველყოფა.  

კიევში თვლიან, რომ მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი დონბასში არჩევნების ჩატარება და დონეცკისა და ლუგანსკის მხარეების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შემოღება.

ამ ჩამონათვალიდან რიგი მოთხოვნები ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ და პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაახმოვანეს. თუმცა როგორ ოფიციალური პოზიცია ისინი ადრე არ გაჟღერებულა.

ცნობისთვის: 15 ოქტომბერს მინსკში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და პროპუსი სეპარატისტების წარმომადგენლებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას დონბასში ძალების დაშორიშორების თაობაზე. უკრაინის წარმომადგენლებმა მიუთითეს იმაზე, რომ ამისათვის აუცილებელია ზავის სულ მცირე, 7 დღის განმავლობაში შენარჩუნება, რაც არ მომხდარა. 

მანამდე სეპარატისტების წარმომადგენლები უკრაინის მოთხოვნების უმრავლესობას ეწინააღმდეგებოდნენ. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებდა, რომ სეპარატისტების გარეშე მინსკის შეთანხმებების აღსრულება შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებში იმართებოდა საპროტესტო აქციები დონბასში მიმდინარე კონფლიქტის ირგვლივ მოლაპარაკებებზე რუსეთის მიმართ შესაძლო დათმობების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „კაპიტულაციაზე“ არ წავიდოდა. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა პრისტაიკომ აღნიშნა, რომ თუ მინსკის შეთანხმებების შესრულება უახლოეს ხანებში არ დაიწყებოდა, უკრაინას კონფლიქტის მოგვარების სხვა ფორმატების მოძიება მოუწევდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»