"ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კრიტიკულ დონეზეა"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კრიტიკულ დონეზეა. 

მისივე თქმით, ანკარა მზად არის, უპასუხოს აშშ-ის ნებისმიერ სანქციას, რომლებსაც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესებენ.


„დღევანდელ სიტუაციაში ჩვენს სიმტკიცეზე არანაირი სანქციები და მუქარები არ აისახება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისთებლიშმენტის ზეწოლის გამო, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს წინააღმდეგ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ამ სანქციებს ჩვენ აუცილებლად გავცემთ თანაზომიერ პასუხს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ცნობილია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთში ვიზიტისთვის ემზადებიან, თუმცა ერდოღანი შეხვედრაზე უარს აცხადებს. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის რობერტ ო’ბრაიანის და სირიის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმზ ჯეფრის თანხლებით, თურქეთში გაემგზავრება, სადაც ერდოღანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.  ისინი გეგმავენ, ანკარას შეატყობინონ, რომ პრეზიდენტი ტრამპი  ეკონომიკურ სანქციებს შეთანხმების მიღწევამდე არ შეწყვეტს.

არსებული სანქციების გარდა, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებასაც განიხილავს: “დიდი ტარიფები რკინაზე. მათ შეერთებულ შტატებში ბევრი რკინა ჩამოაქვთ. დიდ ფულს აკეთებ რკინის ჩამოტანით. ვეღარ გააკეთებენ ამდენ ფულს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მათთან ლაპარაკს არ ვაპირებ. თავიანთი რანგის პირებს ელაპარაკონ. როცა ტრამპი ჩამოვა, მაშინ ვილაპარაკებ“, – აცხადებს ერდოღანი. 

ამასთან, ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა:

„თუ  სირიის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრებული ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და დატოვებენ ტერიტორიას, სადაც ჩვენ  „უსაფრთხოების ზონის“ გაკეთებას ვგეგმავთ, თურქეთი სამხედრო ოპერაციის შეწყვეტს. მანამდე კი ვერავითარი ძალა ვერ გვაიძულებს, უკან დავიხიოთ“, – განაცხადა ერდორანმა. 

თურქეთმა 9 ოქტომბერს საზღვრის გასწვრივ - ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მისი თქმით, მიზანს 30 კილომეტრის სიღრმეში ე.წ.  ბუფერული ზონის შექმნა წარმოადგენს. ამ ტერიტორიას ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. აშშ-მა ტრამპის გადაწყვეტილებით, ოპერაციის დაწყებამდე ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანეს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტი საზღვრებს შორის „გაიჭედა“