თამარ მეარაყიშვილი ახალგორის ე.წ. რაიონულის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომაც გაამართლა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საქალაქო სასამართლომ ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ბრალდების ყველა პუნქტთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. 

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 10 ივლისს ანალოგიური გადაწყვეტილება ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომაც მიიღო, რომლის მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა პროკურატურამ მოგვიანებით ე.წ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მეარაყიშვილს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებაში, ასევე ყალბი საბუთების გამოყენებით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის“ ე.წ. პასპორტის შეძენაში ადანაშაულებდნენ.

მას ჩამოართვეს საბუთები და უკვე თითქმის 2 წელია, ოკუპირებული რეგიონიდან ვერ გადის, რის გამოც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერც აუცილებელ სამედიცინო დახმარებას იღებს და ვერც აქ მცხოვრებ ნათესავებს ხვდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა