რომში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა“ დაარბიეს

იტალიის დედაქალაქ რომში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის“ ოფისი დაარბიეს. 

როგორც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყება იუწყება, ინციდენტი 15 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა და ამ "ვანდალურ თავდასხმაში სავარაუდოდ, ქართული ეროვნების პირები მონაწილეობდნენ". 

რომში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ წარმომადგენლის მაურო მურჯიას ცნობით, ჩამსხვრეულია მინები, ჩამოხსნილია დაფა“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სიმბოლიკით.

„მთელს მსოფლიოში მსგავს ქმედებას მკაცრად გმობენ, ვინაიდან ისინი არანაირად არ ეწერება ცივილიზებული ქცევის ნორმებში. გვსურს, დავარწმუნოთ ვანდალები რომ ჩვენი წარმომადგენლობა მსგავს პროვოკაციებს არ აჰყვება, პირიქით, მხოლოდ გავააქტიურებთ მუშაობას იტალიაში“, – აცხადებს მურჯია.

ცნობისთვის: რომში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა“ 2016 წლის აპრილში გაიხსნა. მისი ოფისი კერძო სახლის შენობაში მოქმედებს. „იტალია პირველი ქვეყანაა, რომელიც ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის გახსნისთვის ნებართვა გასცა“, – ირწმუნება ოსური მხარე.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო