ოსური უშიშროება: "ქართული მხარე სასაზღვრო ზონაში წარმოდგენილობას ზრდის"

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ქართულ მხარეს „დეესკალაციის ნაცვლად, სასაზღვრო ზონაში ძალების ზრდაში“ ადანაშაულებს.  

ამის შესახებ დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„სასაზღვრო ზოლში, სოფელ წნელისის მიდამოებში ქართული მხარე აგრძელებს საპოლიციო ბლოკ–საგუშაგოს გამაგრებას გაშლილი ინფრასტრუქტურის, რომელსაც საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იცავენ. ასე, მიმდინარე კვირას ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ ყობში საქართველოს შსს–ს დამატებითი სპეცქვედანაყოფები შეიყვანეს, საერთო რაოდენობით 20 კაცამდე, რომლებიც სასროლი იარაღით არიან შეიარაღებულები. შეიმჩნევა საგზაო ტექნიკის გადაადგილება. განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ქართველი პოლიციელები კი რეგულარულად აწარმოებენ ოსური ტერიტორიების ფოტო–და ვიდეო გადაღებას. ამასთან, ქართული მხარე მიზანმიმართულად აწვდის თავის მოსახლეობას დეზინფორმაციას და თავს ახვევს აზრს, რომ საქართველოს შსს–ს ბლოკ–საგუშაგო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარეობს (ჩორჩანა ინციდენტის ადგილიდან 3კმ–ით არის დაშორებული). რეალურად, ბლოკ–საგუშაგო პრაქტიკულად ეკვრის ოსურ სოფელ უისტას (წნელისი), რომელიც მხოლოდ 200–300მ. აშორებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მუდმივად აფიქსირებს და ადოკუმენტირებს ქართული მხარის უკანონო საქმიანობას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე დაძაბულობის გასაზრდელად. უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის, საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების გაყვანისა და დაძაბულობის დეესკალაციის ნაცვლად, ქართული მხარე გეგმაზომიერად ზრდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსაზღვრე ზონაში საკუთარ წარმოდგენილობას, რითაც დამატებით საფრთხეებს უქმნის უპირველესად ადგილობრივ ოსურ მოსახლეობას, ასევე საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფების თანამშრომლებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთს სასაზღვრო ძალების პირდაპირი ზემოქმედების ზონაში იმყოფებიან. ქართული მხარის უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა“.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესში გამოიხატება. ხოლო რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობს, ამ ტერიტორიაზე უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი არ მიმდინარეობს. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აქციაზე დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო