"ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისურვებდა, რომ მინისტრები გაკეთებული საქმეებით რეიტინგში მასზე მაღლა იყვნენ. ამის შესახებ კალაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის შეფასებისას განაცხადა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შეუქმნის თუ არა პრობლემას თანაგუნდელებში ის გარემოება, რომ პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში თბილისის მერს 40-პროცენტიანი შედეგი აქვს.

„პრობლემას რატომ შემიქმნის. სპორტიდან მოვდივარ და ერთი რამ ვიცი და მჯერა – როგორც სპორტში, იგივეა პოლიტიკაში, თუ არ არსებობს ძლიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა განახორციელოს და უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კაია და ტაში დავუკრა, ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მისთვის ყველაზე მთავარი არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია.

„ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან. ზუსტად ის განწყობა, დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. თანამშრომლები, თანაგუნდელები ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ურთიერთობა არ შენელდეს. პირიქით, უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ, მეტი პროექტი გავაკეთოთ ქალაქში, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისელებს. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი პრობლემა, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან შეგვწევს ძალა, შევეჭიდოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც აწუხებს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდებოდა ხოლმე მანიპულირება. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, მონაცემები ყოველთვის აცდენილი იყო რეალურ შედეგს. ამიტომ მაქვს საფუძველი, პოლიტიკურ ნაწილში ენდიაი-ს კვლევას არ ვენდო. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ბევრი რამე გასათვალისწინებელია. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს გაქვს, არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, იმ ყოფის, რაც დღეს არსებობს. ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომელსაც ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე არიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp