რას ითხოვს მოსკოვი – თბილისისთვის ჯერ უცნობია

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს რიტორიკის დონეზე ყველა მხარე მიესალმება, თარიღი კვლავ გამოცანად რჩება. თუმცა რიგმა მოვლენებმა თუ კომენტარებმა გააჩინა განცდა, რომ პროცესები ამ მიმართულებით ადგილიდან იძვრის: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუს კოლეგასთან ამასწინანდელ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრა; საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება გადაიფიქრა; საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კი გამოთქვა ვარაუდი, რომ ფრენები სავარაუდოდ, ექვს თვეში აღდგება, თუმცა არ განუმარტავს, რას ემყარება ეს ოპტიმისტური პროგნოზი. ამასთან,  16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ითვალისწინებს ფრენების სიხშირეს კვირაში 7 რეისამდე. საქართველოს საავიაციო სააგენტოში გადაწყვეტილება პოზიტიურ სიგნალად აღიქვეს, თუმცა იქვე განმარტეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას ჯერ არ ნიშნავს. დღეს იგივე გაიმეორა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მართალია, რუსეთი ცდილობს, ფრენების აღდგენის საკითხი “ჰუმანური გადაწყვეტილების” სოუსში შემოგვთავაზოს, თუმცა რეალურად, კრემლის ამ ხისტი ნაბიჯით არანაკლებ იზარალეს თავად რუსულმა ავიაკომპანიებმა.

რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო პერიოდში ხშირად კეთდება განცხადებები ფრენების აღდგენის წინაპირობებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟღერს მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რუსეთის ფედერაციას ბოდიში მოუხადოს. სხვა მოთხოვნები კი, რომელთაც რუსეთი „შემხვედრ ნაბიჯად“ აღიქვამს, საჯაროდ არ კონკრეტდება.

აქვს თუ არა საქართველოში გაჩენილ პოზიტიურ მოლოდინს საფუძველი და კონკრეტულად რა სანაცვლო მოთხოვნები აქვს რუსეთს? - ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჯერ არანაირი შეტყობინება არ მიუღია. ეს [„სიბირისთვის” მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვის მიცემა] რაღაც შიდა პროცედურაა, ამიტომ, ალბათ, ფრენების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია და თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას შევიტყობთ.

- გახარიას მთავრობამ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების გადაწყვეტილება შეცვალა. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენს აზრსაც მოისმენდნენ ამის თაობაზე. შეგიძლიათ, გვითხრათ, რას ემყარებოდა ახალი პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება? 

- ეს უფრო ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და უფრო კვალიფიციურ პასუხს იქ მიიღებთ.

- ეკონომიკურ ნაწილში - შესაძლოა, მაგრამ თავის დროზე ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ჰუმანიტარული მოსაზრებები დასახელდა, კერძოდ, საქართველოსთან კავშირში მყოფი პირების ინტერესები.  სუბსიდირების გადაწყვეტილების გაუქმებამ კი გააჩინა ფრენების აღდგენის მოლოდინი. ხომ არ მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული გზავნილი, რომლის შესახებაც საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ არაფერი იციან?

- ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ რუსულ სააგენტოში ვიხილეთ ეს ინფორმაცია [„სიბირისთვის” მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვის მიცემა], შემდეგ გავიკითხეთ და შევიტყვეთ, რომ ჩვენს საავიაციო სააგენტოს არანაირი შეტყობინება არ მიუღია. ვადასტურებთ, რომ თუკი პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ ამას მივესალმებით. მეტს ვერაფერს ვიტყვით.

- გასაგებია, მაგრამ რას ეფუძნებოდა გახარიას გადაწყვეტილება, ამას ვერ მეტყვით?

- ცოტა დრო გავიდა და დაველოდოთ, რა იქნება...

- პრაღის შეხვედრებთან დაკავშირებით არის სიახლეები?

- ჯერ-ჯერობით იგივე სიტუაციაა: პრაღის დიალოგი გაგრძელდება, ველით რუსული მხარის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ დაესწრება რუსეთის მხრიდან ამ შეხვედრებს.

- ალბათ, დაუძლეველი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, ამ ხნის განმავლობაში რუსეთს პრაღაში შეხვედრებისთვის საკუთარი წარმომადგენელი დაენიშნა. რომ არ ჩქარობს ამ ნაბიჯის გადადგმას, თქვენი აზრით, რით არის განპირობებული?

- ვფიქრობ, განსაკუთრებულ რებუსთან არ უნდა გვქონდეს საქმე. წავიდა ერთი პიროვნება, იგი ჟენევაში ჩაანაცვლეს. ახლა კი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამის შესახებ რამდენიმე კომენტარიც გაკეთდა სხვადასხვა დონეზე, მათ შორის ოფიციალური პირების მხრიდან, რომ მუშაობენ, პროცედურული საკითხები წყდება პერსონალური შემადგენლობის შესახებ. ჩემი მოლოდინია, რომ ახლო მომავალში რაღაც გვეცოდინება.

- და ბოლოს: რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ თბილისმა „საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას“, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ბოდიშის მოხდა სახელდება, სხვა შემთხვევაში ფრენების აღდგენა “არასწორი იქნებაო”. შეგიძლიათ, გვითხრათ, კიდევ რა იგულისხმება “საპასუხო ნაბიჯებში”?

- მართალი გითხრათ, ჩემთვის ნათელი არ არის, რა აქვთ მხედველობაში. ამ საკითხზე კომუნიკაცია არ მქონია. შედგება კომუნიკაცია და ვნახოთ.

- როდის შედგება კომუნიკაცია?

- ისევ პრაღის საკითხს ვუბრუნდები. ველი, რომ ახლო მომავალში გვექნება ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. შევხვდებით და გავარკვევთ, ფრენებისთვის დამატებით რა არის საჭირო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს